ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი MLS-ში | ახლა საბაზე საუბრის დროა
„ატლანტა იუნაიტედის’’ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, 29 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს და ამასთან ერთად პროდუქტიულია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის არ გამოიძახა. ზოგადად, ფრანგი სპეციალისტი საბას იშვიათად ენდობა და ამის გამო ფეხბურთელი ჩრდილში ექცევა ხოლმე, თუმცა ამერიკაში კარგ სეზონს ატარებს და მისი კარგი თამაში ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს.
სტატია, რომელიც „ატლანტა იუნაიტედის’’ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, საკმაოდ ვრცელია, თუმცა სტატიიდან იმ მთავარ დეტალებს გთავაზობთ, რაც თვალსაჩინოს ხდის თუ რამდენად კარგ ფორმაშია საბა და რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამერიკული კლუბისთვის. ასევე, სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციებიდან გამომდინარე MLS-ში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. სტატიას ავტორი ასე ასათაურებს: ახლა საბაზე საუბრის დროა.
2023 წელს საბა ლობჟანიძე „ატლანტაში’’ გადავიდა და მას შემდეგ MLS-ში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა თამაშზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. 2023 წლიდან მოყოლებული რამდენიმე კატეგორიის მიხედვით MLS-ის საუკეთესო გარემარბების ათეულშია. საშუალოდ ყოველ 90 წუთში მისი სტატისტიკა ასეთია:
ასევე გეტყვით, რომ აღნიშნული სტატისტიკა 6 ოქტომბერს გამართულ თამაშს არ მოიცავს, MLS-ის გასულ ტურში „ატლანტამ'' შინ „ნიუ იორკ რედ ბულს'' 2:1 მოიგო. საბამ 90 წუთი ითამაშა და 2 გამამწვავებელი პასი შეასრულა.
სტატიაში ხაზი გასმულია კიდევ ერთ ფაქტორზე, 29 წლის ფეხბურთელი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, მინდვრის ყველა არეალში მოძრაობს, რაც ნიშნავს რომ ფიზიკურად კარგად მომზადებულია და ასევე თანამედროვე ფეხბურთის ტენდეციას კარგად იაზრებს, შემტევი სტილის ფეხბურთელიც ვალდებულია დაცვაზე იფიქროს და ე.წ. შავი სამუშაო შეასრულოს.
„საბა არამარტო „ატლანტა იუნაიტედის’’ ფეხბურთელებს შორის, არამედ მთელს MLS-ში ყველაზე დიდ მანძილს ფარავს, დაუღალავია’’ – ვკითხულობთ აღნიშნულ სტატიაში.
მეტოქის საჯარიმოში ერთ-ერთი საუკეთესოა MLS-ში, საშუალოდ ერთ შეხვედრაში მეტოქის საჯარიმოში 6,8 შეხებას ასრულებს, ამ მაჩვენებლით MLS-ში გარემარბებს შორის მე-7 ადგილზეა. გარდა იმისა, რომ მეტოქის საჯარიმოში ბურთს ხშირად ეხება, ძალიან კონცენტრირებულია დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ხოლო როცა მეტოქე პრესინგის განხორციელებას ცდილობს, საბა საუკეთესო თვისებებს ავლებს.