ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ბადრი კვარაცხელია, ჯოვანი მანა
Aa
Aa

მოლაპარაკება ჩიხშია | რას უპასუხებს დე ლაურენტისი ჯუღელის კონტრშეთავაზებას?

იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ინფორმაციით, „ნაპოლისა’’ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ჩიხშია. „ნაპოლი’’ კვარას ახალი კონტრაქტის მიხედვით წლიური ხელფასის სახით 5,5 მილიონ ევროს სთავაზობს და ხელშეკრულება 2028 წლამდე გაფორმდება.

ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის მხრიდან იტალიურმა კლუბმა კონტრშეთავაზება მიიღო, ფეხბურთელის მხარე წლიური ხელფასის სახით სულ მცირე 8 მილიონ ევროს ითხოვს. ამ ეტაპზე „ნაპოლის’’ მმართველს, აურელიო დე ლაურენტისს ამ წინადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ფეხბურთელის მხარეს პასუხს დაუბრუნებს.

აღსანიშნავია, რომ კვარას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან'' 2027 წლამდე აკავშირებს, ქართველის ხელფასი  1,5 მილიონი ევროა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი „ნაპოლიში'' დაუფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტოს მოგებაში მისი როლი უდიდესი იყო და საჩემპიონო სეზონის შემდეგაც ძალიან შედეგიანია, მისი ხელფასი კვლავ იმდენია, რამდენიც ბათუმის „დინამოდან'' „ნაპოლიში'' გადასვლისას იყო. კვარა „ნაპოლიში'' მესამე სეზონს ატარებს და მისი კონტრაქტი კვლავ არ გაუმჯობესებულა.

გასულ კვირაში Gazzetta dello Sport-მა განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის ცნობით, კვარას აგენტმა მამუკა ჯუღელმა, რომელიც ახალ კონტრაქტში ყოველწლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევროს დაფიქსირებას ითხოვდა, მოთხოვნები შეამცირა, თუმცა გამოცემა თანხასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აკონკრეტებს.

გასულ კვირაში „ნაპოლის'' სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ კვარას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არსად გვეჩქარება, არანაირი ზეწოლა არ არსებობს, იმიტომ რომ მას კონტრაქტი ნაპოლისთან კიდევ 3 წლით აკავშირებს. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ვსაუბრობთ როგორც ფეხბურთელთან, ისე მის აგენტთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები