ვირტუსის მეორე მოგება სერია A-ში - თოკო ორმაგ დუბლთან ახლოს იყო
პარასკევს ევროლიგის მარცხით დაწყების შემდეგ, „ვირტუსმა“ ხასიათი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებით გამოიკეთა და გათამაშების მეორე ტურში საკუთარ დარბაზში „პისტოიას“ 84:68 მოუგო. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, როცა 13-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ და არსებული ჰანდიკაპი საფინალო სირენამდე აღარ დათმეს.
მასპინძელთა შემადგენლობაში თორნიკე შენგელიამ 25 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა - საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 8 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. თოკომ ხუთიდან ორი ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან ბურთი ერთხელ ტყორცნა, მაგრამ უშედეგოდ. შენგელიამ ათიდან ცხრა შემთხვევაში ბურთი დაცვაში, ერთხელ კი შეტევაში თამაშისას მოხსნა, ერთ დაკარგვასან ერთად, ერთი ჩაჭრა ჰქონდა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
10 ოქტომბერს, ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში ბოლონიის „ვირტუსი“ სტუმრად „ლიონ-ვილერბანს“ შეხვდება, ხოლო იტალიის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს, სტუმრად „ვენეციასთან“ გამართავს.