დილამ შანსი გამოიყენა - ტორპედოსთან სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა
„გაგრასთან“ შეხვედრის დაწყებამდე „დილას“ ფეხბურთელებმა გათამაშების ლიდერის „ტორპედოს“ სენსაციური მარცხის შესახებ კარგად იცოდნენ და შესაბამისად, მოედანზე უზომოდ მოტივირებულნი გავიდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა - პორტუგალიელი სპეციალისტის, ფრანსისკუ კაშტრუს მომზადებულმა გორელებმა „გაგრას“ 5:0 მოუგეს და გასვლაზე წაუგებელი სერია 12 მატჩამდე გაზარდეს.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ტაირელ ვაუტერმა რამდენიმე მცველს აჯობა და მიმდინარე Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-15 ბურთი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავაში გიორგი კოხრეიძეს გაუსწრო. 66-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაფრინდაშვილის პასი შოთა შეყილაძემ გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ კი ირაკლი ბუღრიძის ჯერ დადგა, რომელმაც 4-წუთიან მონაკვეთში ჯერ „დილას“ მაისურით სადებიუტო ბურთი გაიტანა, ხოლო შემდეგ დუბლი შეასრულა. ერთ გოლს არც ვაუტერი დასჯერდა, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 0:5 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით „დილამ“ „იბერიას“ მსგავსად ლიდერ „ტორპედოსთან“ ქულათა სხვაობა ორამდე შეამცირა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა. მომდევნო ტურში გორელები წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებენ, „გაგრა“ კი სტუმრად „დინამო ბათუმს“ შეხვდება.