შტურმმა ზალცბურგი გაანადგურა - კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 გაიმარჯვა.
ოთარ კიტეიშვილი მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე 86 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველ ნახევარმცველს საგოლე ეპიზოდი არ ჰქონია, თუმცა, თავისი მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
კიტეიშვილი ტრადიციულად, სტაბილურობით გამოირჩეოდა როგორც მოედნის ცენტრში, ისე შეტევაში და საგოლე ეპიზოდების ორგანიზებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.
86 წუთის განმავლობაში კიტეიშვილი ბურთს 68-ჯერ შეეხო, 43 პასიდან 33 ზუსტად შეასრულა, მათ შორის ერთი საკვანძო პასი იყო, კარის მიმართულებით ერთხელ დაარტყა, თუმცა არაზუსტად, 11 პოზიციური დუელიდან 8 მოიგო, მეტოქეს ბურთი 7-ჯერ აართვა, საერთო შეფასების სახით კი 7.6 ქულა მიიღო, მასზე მაღალი შეფასება კი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა დაიმსახურა.
„შტურმის“ შემადგენლობიდან გამორჩეული მატჩი ჰქონდა მიკა ბიერეთს, რომელმაც მეტოქეს ჰეთთრიკი შეუსრულა, თითო-თითო გოლი კი ემანუელ აივუმ და მალიკ იალკუიმ გაიტანეს.
9 ტურის შემდეგ, „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 19 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „რაპიდს“ 1 ქულით უსწრებს. რაც შეეხება კიტეიშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა გრაცელთა შემადგენლობაში ამ სეზონში მე-9 მატჩი ჩაატარა თავი 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
„შტურმი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 19 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „გრაცერის“ წინააღმდეგ გამართავს.