35 წელია მსგავსი არ მომხდარა - მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი
ინგლისის პრემიერ ლიგის VII ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილას“ გოლი ვერ გაუტანა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც ერიკ ტენ ჰაგის შესაძლო განთავისუფლების თაობაზე, ინგლისურ პრესაში უფრო ხშირად იწერება. „წითელი ეშმაკებისთვის“ კიდევ ერთი ცუდი ამბავი ცენტრალური მცველის ჰარი მაგუაირის დაშავება გახლდათ, რომელსაც პირველადი მონაცემებით საკმაოდ ხანგრძლივი დრო გაუცდება, ეს კი კლუბისთვის მართლაც ცუდი ამბავია, რადგან 31 წლის ფეხბურთელი მშვენიერ ფორმაში იყო და შუა კვირაში „პორტუსთან“ მატჩში ქულის მომტანი გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში სწორედ მან გაიტანა.
„იუნაიტედი“ ზედიზედ სამი ტურია გოლს ვერ იტანს და ყველა ტურნირზე უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულა „მანიუს“ ბოლოს 35 წლის წინ, 1989-1990 წლების სეზონში ჰქონდა დაგროვებული და საბოლოოდ ის გათამაშება კლუბმა სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე დაასრულა. სტატისტიკოსები იხსენებენ, რომ სერ ალექს ფერგიუსონს მანჩესტერულ კარიერაში ამაზე ცუდი სეზონი არ ჰქონია და შოტლანდიელმა შეძლო და მომდევნო წლებში გუნდი მწვერვალებზე დააბრუნა. რამდენად შეძლებს და რამდენად აცდიან ამის გაკეთებას ტენ ჰაგს, რთული სათქმელია.
შვიდი ტურის შემდეგ დაგროვებული 8 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-14 ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ უკვე 10 ქულით ჩამორჩება. სანაკრებო პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში „დემონები“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლებენ, ევროპა ლიგის მესამე ტურში კი 24 ოქტომბერს, სტამბულში „ფენერბახჩესთან“ სათამაშოდ ჩავლენ, რომელსაც „იუნაიტედის“ ყოფილი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო უდგას სათავეში.