11-მატჩიანი წაუგებელი საგარეო სერიის დასასრული - ტორპედომ სამტრედიაში წააგო
ლიდერისა და აუტსაიდერის მონაწილეობით „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა - ადგილობრივმა „სამტრედიამ“ „ტორპედოს“ 2:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დააღწია. თბილისის „დინამოს“ აკადემიიდან მიყვანილი სპეციალისტის ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით სამტრედიელებმა თამაშის ხარისხი ბოლო პერიოდში აშკარად გამოასწორეს, ზედიზედ სამ ტურში გაიმარჯვეს და ამ მოგებით „ტორპედოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი საგარეო სერია დაასრულეს.
სამტრედიელებმა ბურთი 21-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ ფრანსუა ეკონგოლოს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ცოტნე ფაცაციამ კი ყველაფერი წესების სრული დაცვით შეასრულა და 57-ე წუთზე „ტორპედო“ Crystalbet ეროვნული ლიგის ასისტენტთა ლიდერის, ფელიპე პირესის საგოლე პასით დააწინაურა. თუმცა, სტუმართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზუსტად 11 წუთში ლუკა ელბაქიძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ პასს სათანადოდ ინიგო მარტინი გამოეხმაურა და ესპანელმა ლეგიონერმა თავი ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა. დარჩენილ დროში სტუმრები ცდილობდნენ მოგებას, მაგრამ კაკაშვილმა სტივ კინს სამწვრთნელო დუელი პირწმინდად მოუგო და კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი მის მიერ ცვლილებაზე შეყვანილმა როინ ოდიშელიძემ გაიტანა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ გასამართ Crystalbet ეროვნული ლიგის მომდევნო, XXIX ტურში სამტრედიელები სტუმრად ფოთის „კოლხეთთან“ ითამაშებენ, „ტორპედო“ კი გასვლაზე ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, „იბერიას“ შეხვდება და მარცხის შემთხვევაში ლიდერობას დაკარგავს.