ვილი სანიოლი, დავით მუჯირი
Aa
Aa

„მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს“ - მუჯირი სანიოლის კონტრაქტზე

ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში შეიკრიბება და უეფას ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. III-IV ტურის შეხვედრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი სტუმრად გადაცემაში „სპორტი იმედზე“ იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ გიორგი გველესიანი უკვე თბილისშია და ის საბა კვერკველიასთან ერთად, ხვალ გამთენიისას გაემგზავრება პოზნანში, დანარჩენი 21 ფეხბურთელი კი ნაკრებს შეკრებაზე პირდაპირ პოლონეთში შეუერთდებიან. მუჯირმა ვილი სანიოლთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებაც ისაუბრა.

დავით მუჯირი

ვილი სანიოლთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს - როგორც მისი, ასევე ჩვენი სურვილია, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს.

როდესაც აქ სამუშაოდ ჩამოდიოდა, მისი ამბიცია და მოტივაცია გახლდათ, რომ მწვრთნელის ამპლუაში საკუთარი შესაძლებლობები ყველასთვის დაემტკიცებინა, რაც ჩვენდა საბედნიეროდ კარგად გამოუვიდა.

დიდი აჟიოტაჟია შექმნილი „დინამო არენასთან“ დაკავშირებით და გეტყვით, რომ სტადიონის ადმინისტრაციას წერილობით უკვე მივმართეთ და გვაქვს სურვილი, რომ მარტში გასამართი საშინაო თამაში ამ მოედანზე ვითამაშოთ.

ჯერჯერობით არ ვიცით მარტში ვისთან და რისთვის ვიასპარეზებთ - თუ ეს ჯგუფი მოვიგეთ და A დივიზიონში ავტომატურად ავედით, გაზაფხულის პირველი თვე ამხანაგურ მატჩს დაეთმობა. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში B დივიზიონის პლეი ოფს, მესამე პოზიციის დაკავების შემთხვევაში კი პლეი აუტს ვითამაშებთ.

შეგახსენებთ, რომ B დივიზიონის I ჯგუფში ორი ტურის შემდეგ დაგროვებული 6 ქულით საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. უკრაინა - საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 14 ოქტომბერს კი ქართველი ფეხბურთელები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ალბანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ, რომელიც სექტემბერში სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა