ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - კარვახალისთვის სეზონი დასრულდა
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ვილიარეალს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ სამეფო კლუბისთვის სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა.
მატჩის მიმდინარეობისას, დანიელ კარვახალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. ესპანელმა უკანახაზელმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ის მადრიდის რეალს ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ტრავმის სიმძიმეზე თავად კარვახალმაც ისაუბრა:
„ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დადასტურდა. მომიწევს ქირურგიული ჩარევა და მოედანს რამდენიმე თვით დავემშვიდობები. მოუთმენლად ველოდები რეაბილიტაციის დაწყებას და დავბრუნდები, როგორც მხეცი.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მსგავსი დაზიანება არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო, მათ შორის მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავმა როდრიმ.
რაც შეეხება რეალს, ანჩელოტის გუნდს ლა ლიგაში 21 ქულა აქვს და ბარსელონას გაუთანაბრდა, თუმცა კატალონიელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შემდეგ ტურში, ბლანკოსი ვიგოს სელტას ესტუმრება.