იბერიამ თელავს მოუგო, დინამოებმაც ბრძოლაში გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო 28-ე ტურის შეხვედრებმა.
ტურის საწყისი მატჩი წყალბუტოში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა.
ანგარიში 29-ე წუთზე, თბილისურმა კლუბმა დომინიკ რაიტერის გოლით გახსნა, მე-40 წუთზე კი დემურ ჩიხლაძემ თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა.
დღის მეორე მატჩში, გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, „იბერია 1999“ სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
სტუმრები მე-15 წუთზე, ოთარ მამაგეიშვილის გოლით დაწინაურდნენ, 59-ე წუთზე კი შეიკნე სილამ „თელავის“ კარში მეორე გოლი გაიტანა. 62-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გიორგი ჯგერენაია გააძევა, რასაც ზუსტად ორ წუთში „თელავის“ გოლი მოჰყვა. თავი დეიან გიორგიევიჩმა გამოიჩინა.
დარჩენილ დროში, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, „თელავმა“ თამაში გადარჩენა ვეღარ შეძლო და „იბერია 1999“-მა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
სათამაშო დღის დასკვნითი მატჩი ქობულეთის საფეხბურთო ცენტრზე ჩატარდა, სადაც „კოლხეთი 1913“ ბათუმის „დინამოს“ დაუხვდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე მარიო ბალბურდიამ გაიტანა.
6 ოქტომბერს 28-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. 15:30 საათზე „სამტრედია“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, „გაგრა“ კი 20:00 საათზე გორის „დილას“ მიიღებს.