Le Parisien: ზურიკომ სენტ-ეტიენის ფანების სახეებზე ღიმილი დააბრუნა
ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ეხმაურება „სენტ-ეტიენისა“ და „ოსერის“ მატჩს, რომელშიც საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და „მწვანეებს“ უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
რას წერს ცნობილი გამოცემა:
„ქართველმა, რომელმაც „ოსერის“ კარში სამი გოლი გაიტანა, როგორც იქნა დააბრუნა ღიმილი „ჟოფრუა გიშარის“ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების სახეებზე, „სენტ-ეტიენს“ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა და გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.
ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ქვედა ზონაში მყოფი ორი გუნდი ხვდებოდა, მაგრამ ამ მატჩამდე ისინი განსხვავებული დინამიკით მოვიდნენ. „სენტ-ეტიენი“ „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა, „ნანტს“ კი 2:2 დაუზავდა, ხოლო „ოსერმა“ მოულოდნელად „ბრესტს“ 3:0 მოუგო. შესაბამისად, სენტ-ეტიენისა და ოსერისთვის ეს „6-ქულიანი მატჩი“ იყო, რომელშიც „სენტ-ეტიენმა“ გაიმარჯვა.
ამას „მწვანეები“ ქართველ გარემარბს უნდა უმადლოდენ, რომელიც კლუბში მიმდინარე ზაფხულში „ბორდოდან“ გადმოვიდა. გასულ სეზონში ლიგა 2-ში მას 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჰქონდა, თუმცა ლიგა 1-ში მას აქამდე არ გაუტანია. პირველი ორი გოლი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, მესამეს გატანა კი ზურიკოს უფრო ადრეც შეეძლო - თუმცა ეს მხოლოდ 86-ე წუთზე მოახერხა. ამ ბრწყინვალე ჰეთ-თრიკმა „მწვანეები“ სწორ გზაზე უნდა დააყენოს“.
ზურიკო დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მეშვიდე მატჩი იყო და ამ დროის განმავლობაში, მან სამ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო. „სენტ-ეტიენმა“ მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი მოიგო.
7 ტურის შემდეგ ზურიკოს გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.