ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, გიორგი ჭინჭარაული
Aa
Aa

„უკვე შიშები მქონდა... ყველა ვარჯიშზე ტრავმას ვიღებდი“ - დაასრულა, თუ არა ტალახაძემ კარიერა

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუს დროს თავის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, პროფესიონალური სპორტული კარიერა დაასრულა. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„დიახ, ალბათ, წასვლის დრო იყო... ვარჯიშს არ ვწყვეტ, იმიტომ რომ ჯანმრთელობას არ უხდება. მსუბუქად გავაგრძელებ და ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად ვიცხოვრებ, მაგრამ აქტიურ სპორტში ამ ეტაპზე გაჩერებას აღარ ვაპირებ. მოკლედ რომ ვთქვა - შევეშვი, ოღონდ ჯერჯერობით. ახლა საქართველოს სხვა კუთხით ვჭირდები, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება“.

„ყველა დიდ ვარჯიშზე უკვე ტრავმას ვიღებდი... მაჯა, წელი, მუხლი... ყველაფერი ჩათრეული იყო. უკვე შიშები მქონდა და ეს ფიქრები ყველა ვარჯიშს თან ახლდა. თან ყველაფერთან ერთად, ჩემი კარიერა ისე გავატარე, რომ ვარჯიშზე, თუ არ ჩავთვლით პარიზისთვის მოსამზადებელ პერიოდს, მთელი 10-15 წლის განმავლობაში ალბათ, 10 ან 15 მისვლა მექნებოდა გაფუჭებული. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის პარიზშიც, როდესაც ვარჯიშზე შევდიოდი, ძალიან ბევრი გაფუჭება მქონდა“.

ლაშა ტალახაძის მდგომარეობაზე საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმაც ისაუბრა:

„ლაშას მდგომარეობა ბოლოს ისეთი იყო, რომ ნებისმიერ ვარჯიშზე ჯანმრთელად დაასრულებდა თუ არა იმ ვარჯიშს, კითხვისნიშანის ქვეშ იდგა. ჯერ მარტო ინიექციები რომ ჩამოვთვალო, რაც ამ პერიოდში გავაკეთეთ იმის გამო, რომ ლაშა მოსულიყო ოლიმპიადამდე... ორივე მაჯაში, მუხლში ალბათ 7 ინიექცია აქვს გაკეთებული... ამ მუხლში იმდენი სითხე იყო, რომ ყოველდღიურად მოძრაობაც უჭირდა. ასევე ჰქონდა იდაყვის ტრავმა, როდესაც „შტანგას“ წევდა, იდაყვს ვერ კეტავდა და ერთი ხელი სულ მოხრილი რჩებოდა“, - განაცხადა ჭინჭარაულმა.

ძალოსნობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ კი პირობა დადო, რომ ლაშა ტალახაძე კვლავ დარბაზში დარჩება.

„მე გპირდებით, რომ ლაშა იქნება დარბაზში იმ კომპონენტით, რაშიც დღემდე იყო. პირობას გაძლევთ, რომ შეჯიბრზე წასაგებად არასდროს წავიყვან.  ეს არის ჩემი ამოცანა და მიზანი, ვინაიდან გაფრთხილება უნდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მის ავტორიტეტსა და მის ფენომენს“, - განაცხადა გიორგი ასანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე საქართველოს ისტორიაში პირველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 31 წლის სპორტსმენმა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშები, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა და პარისი 2024 მოიგო. ამასთან, ტალახაძე 7-გზის მსოფლიო და 6-გზის ევროპის ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები