ზურიკოს ზღაპრული მატჩი - ჰეთ-თრიკი და გამარჯვება ოსერთან
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ოსერს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და „სენტ-ეტიენმა“ სწორედ მისი დამსახურებით გიამარჯვა - მეტოქის კარში სამივე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
საგულისხმოა, რომ ზურიკომ ფრანგული კლუბის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და პირველივე გოლს შემდეგ კიდევ ორი დაუმატა.
დავითაშვილმა ანგარიში მე-15 წუთზე, ბრწყინვალე სოლორეიდით გახსნა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობაც გამოავლინა.
54-ე წუთზე, ქართველმა შემტევმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. გოლის ეპიზოდში ზურიკომ ბურთი ფლანგიდან წაიღო და აქაც, მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
74-ე წუთზე „ოსერმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, მასპინძლებს აქაც მხსნელად ზურიკო მოევლინათ და ქართველმა შემტევმა წერტილი 86-ე წუთზე დასვა, როდესაც სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა.
საგულისხმოა, რომ დავითაშვილს პოკერის შესრულებაც შეეძლო. 73-ე წუთზე ქართველი თავდამსმელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა, ბურთი ძელს გაარტყმა.
ზურიკო დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მე-7 მატჩი იყო და ამ დროის განმავლობაში, სამ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო. საგულისხმოა, რომ დღევანდელი ჰეთ-თრიკით, ზურიკო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ალექსანდრე იაშვილის შემდეგ გახდა მეორე ქართველი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგის ერთ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო.
„სენტ-ეტიენმა“ მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი მოიგო. 7 ტურის შემდეგ ზურიკოს“ გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.