უოტფორდის „ქამბექი“ - ჩაკვემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი მიიღო
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-9 ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბროს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. ამასთან, „ჩაკვე“ მოედნის ცენტრში ბურთის დაჭერასა და გამწვავებაში დიდ როლს თამაშობდა და რამდენიმე გამორჩეული ეპიზოდიც ჰქონდა. შეხვედრის მიწურულს კი ბურთის გადაგდების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში „მიდლსბრომ“ 54-ე წუთზე, ედმუნდსონის გოლით გახსნა. ჩამორჩენის მიუხედავად, „უოტფორდმა“ ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვებაც შეძლო. წონასწორობა 76-ე წუთზე კაიემბემ აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე, ბაამ გაიტანა.
9 ტურის შემდეგ, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „უოტფორდი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 19 ოქტომბერს სტუმრად „ლუტონთან“ გამართავს.