ალისონი და მაკ ალისტერი ტრავმირებულები არიან | რას ამბობს არნე სლოტი
ალისონ ბეკერსა და ალექსის მაკ ალისტერს „კრისტალ პალასთან“ მატჩში მიღებული დაზიანებების სიმძიმის დასადგენად დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდებათ. ამის შესახებ მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა თავკაცმა, არნე სლოტმა განაცხადა.
რაც შეეხება ალისონს, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო 79-ე წუთზე დატოვა, სლოტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „წითლების“ მეკარე ბრაზილიის ანაკრებში გაემგზავროს.
„თუ ფეხბურთელი მოედანს ასე ტოვებს, როგორც ეს ალისონმა გააკეთა, როგორც წესი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბრაზილიის ნაკრებში არ გაემგზავრება. მეტიც, ჩემი აზრით, ის სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ მატჩშიც ვერ დაგვეხმარება. უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ, ვფიქრობ, ის რამდენიმე კვირა იუქმებს“.
ალექსის მაკ ალისტერთან დაკავშირებით, რომელიც სლოტმა პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალა, პროგნოზები უფრო ოპტიმისტურია.
„მაკ ალისტერი ტრავმის გამო შევცვალეთ, თუმცა დაზიანების სიმძიმეზე ახლა ვერაფერს გეტყვით. მას თამაშის გაგრძელებაც შეეძლო. თუმცა ალექსისმა ჩათვალა, რომ ამის გაკეთება არ ღირს, იმიტომ რომ ასეთ დროს ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო გააუარესო. მიემგზავრება თუ არა ის არგენტინის ნაკრებში? შეძლებს თუ არა იქ თამაშს? ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „კრისტალ პალასი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი კოდი გაკპოს პასით დიოგუ ჟოტამ გაიტანა.
7 ტურის შემდეგ „წითლები“ 18 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.