კარგი სიახლე ფლიკისთვის - ოლმო, გავი და ფერმინი ბრუნდებიან
„ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბისთვის სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. ექიმებმა დანი ოლმოს, ფერმინ ლოპესისა და გავის დაბრუნების შესახებ აცნობეს.
ვარჯიში უკვე რამდენიმე კვირაა სამივე მათგანმა განაახლა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, ხსენებული ნახევარმცველები ჰანსი ფლიკის განკარგულებაში იქნებიან.
გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში ერთია და ოფიციალურ მატჩში მოედანზე გასვლა მეორე. ამ მხრივ ცნობილი გახდა, რომ ოლმო „ბაიერნთან“ და „რეალთან“ შეხვედრებისთვის 100%-ით მზად იქნება და თამაშს სასტარტოდან დაიწყებს. იქამდე კი 20 ოქტომბერს „სევილიასთან“ შეხვედრაა, რომლის განაცხადში ესპანელი სავარაუდოდ იქნება, თუმცა ითამაშებს თუ არა ეს ფლიკზეა დამოკიდებული.
რაც შეეხებათ გავისა და ფერმინს, ჯერჯერობით მედშტაბს არ უთქვამს, შეძლებენ თუ არა ისინი ოქტომბრის მატჩებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, არსებული ცნობებით, მოლოდინები პოზიტიურია და სამატჩო განაცხადში მათაც უნდა ველოდოთ.
ამრიგად, ოლმოს, ფერმინისა და გავის დაბრუნების შემდეგ, „ბარსელონას“ ლაზარეთში 3 მოთამაშე დარჩება: რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი. ურუგვაელი იანვარში დაბრუნდება, დანიელი ნოემბერში ან დეკემბერში, გერმანელმა კი სეზონი ნაადრევად დაასრულა.