„მონცას შემდეგ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა“ - რა შეფასებები მიიღო კვარამ იტალიური პრესისგან
იტალიურმა მედიამ „კომოს“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ნეგატიურად შეაფასა. გამოცემების უმეტესობა აღნიშნავს, რომ კვარას თამაში ამაღელვებელი არ ყოფილა, თუმცა ასევე ხაზს უსვამს, რომ პენალტის ეპიზოდში მსაჯმა შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
კვარამ წამყვანი იტალიური გამოცემებისგან ასეთი შეფასებები მიიღო:
Corriere dello Sport - 6 - „მონცასთან“ მატჩის შემდეგ კვარამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. ის მცდელობას არ აკლებდა, თუმცა თამაში არ გამოსდიოდა. გამოიმუშავა პენალტი, რომელიც მსაჯმა არ დანიშნა.
Gazzetta dello Sport - 6,5 - მომენტებში ის სპალეტის დროინდელი კვარა იყო, მიდიოდა დრიბლინგში, ურტყამდა კარში და აწვდიდა ბურთს საჯარიმოში. კვარაცხელია ცოტათი ეგოისტურად და გუნდისგან განცალკევებულად მოქმედებდა.
Tuttomercatoweb - 5,5 - პირველ ტაიმში გაბრწყინებების გარეშე, მეორე ტაიმში - ცოტათი უფრო აქტიური იყო, თუმცა მოლოდინები მაინც არ გაამართლა, რაც დიდწილად მისი მეურვის, ვან დერ ბრემპტის დამსახურებაცაა.
Il Mattino - 5,5 - კვარა ცოტათი აპათიურად გამოიყურებოდა და მხოლოდ ბოლოსკენ გამოცოცხლდა: მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, როდესაც კვარას მორენომ ორივე ხელი ჰკრა; ასევე ქართველი ახლოს იყო იმასთან, რომ ნაპოლის მესამე გოლი გაეტანა. თუმცა, საერთო ჯამში, ასეთი პოტენციალის მქონე ფეხბურთელისთვის ეს დამაკმაყოფილებელი არაა.
Tuttonapoli - 6 - გაუჭირდა მატჩში ჩართვა და დააგვიანდა დაცვაში ჩამოსვლა „კომოს“ გოლის დროს. მეორე ტაიმში კვარა უფრო აქტიურად ჩაერთო თამაშში და დაიმსახურა პენალტი, რომელიც არ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მხრიდან გოლები რომელუ ლუკაკუმ, დავიდ ნერეშმა და სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს. „კომოს“ დამარცხების შემდეგ, „პარტენოპეის“ ანგარიშზე 16 ქულაა და ანტონიო კონტეს გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია.