ადგილს ვერ პოულობდა - ლებრონი შვილის დებიუტს დაესწრო
კალათბურთში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა და „ლეიკერსში“ ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსის შვილის, ბრონი ჯეიმსის დებიუტი შედგა. თუმცა, ამაზე უფრო დიდი ისტორია სავარაუდოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწერება, როდესაც ბრონთან ერთად პარკეტზე ლებრონიც გავა, გუშინ ის შვილის ასპარეზობას თვალყურს ტრიბუნიდან ადევნებდა და როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს ადგილს ვერ პოულობდა.
NBA-ს წინასასეზონო მზადების პირველ შეხვედრაში ლოს-ანჯელესის კლუბი „მინესოტასთან“ (107:124) დამარცხდა. ბრონმა კი „ტიმბერვულვზთან“ 16 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ბლოკ-შოტი დააგროვა. მან ბურთი ერთხელ დაკარგა და თამაშიდან განხორციელებული 6 სროლიდან ზუსტი მხოლოდ 1 აღმოჩნდა.
საერთო შეფასება ასეთი გახლდათ - 185 სანტიმეტრი სიმაღლის ბრონი სხვებთან შედარებით ძალიან პატარა ჩანდა, აკლია სათანადო ფიზიკური მომზადებაც და NBA-ში ადგილის დასამკვიდრებლად ძალიან დიდი შრომა მოუწევს.