კასანო: „ნერეში კვარას უკეთესს გახდის“
წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო იტალიის სერია A-ს თითოეული მატჩის დასრულების შემდეგ, თავის Youtube-არხზე გულშემატკივარს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს და უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში მას განსაკუთრებით „ნაპოლის“ ასპარეზობა მოსწონს. სწორედ ამას გაუსვა ხაზი კასანომ „კომოსთან“ (3:1) პარტენოპეის გამარჯვების შემდეგ, რომელიც ნეაპოლელებისთვის მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მოგება იყო, რამაც მათ სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.
რა თქვა კასანომ
მე დავინახე „ნაპოლის“ სახით გუნდი, რომელსაც ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის უმაღლეს დონეზე ჩატარება შეუძლია. ანტონიო კონტემ ამ ორ თვეში წარმოუდგენლად დიდი სამუშაო გასწია და შედეგიც სახეზეა - ეს კლუბი წელს სკუდეტოს მოგების მთავარი პრეტენდენტი იქნება.
დავიდ ნერეშზე აღარაფერს ვამბობ - ეს ბიჭი მხოლოდ ბოლო ათ წუთს თამაშობს და მოედანს საგოლე პასის გარეშე არ ტოვებს - დააკვირდით სად ითამაშა „კომოსთან“? კვარას მარცხენა ფლანგზე. არ ვამბობ, რომ ხვიჩას მაგივრად უნდა იყოს ძირითადში, მაგრამ ასეთი კონკურენცია კვარაცხელიას კიდევ უფრო ძლიერს, საშიშსა და უკეთესს გახდის, რომელიც როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, აუცილებლად საჭიროა, რადგან ერთი აფეთქებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
ცნობისათვის, შვიდი ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა. ბრაზილიელმა დავიდ ნერეშმა კი 1 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა თავი.