შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა ევროლიგა მარცხით დაიწყო
საკალათბურთო ევროლიგის წლევანდელი გათამაშება „ვირტუსისთვის“ წარუმატებლად დაიწყო. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ბოლონიაში თურქეთის „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლეს და 9-ქულიანი სხვაობით, 67-76 დამარცხდნენ. მასპინძლებისთვის შედარებით კარგი პირველი და მესამე მეოთხედი გახლდათ, რომელიც შესაბამისად 6 და 1-ქულიანი სხვაობით მოიგეს.
შენგელიამ, რომელსაც დღეს 33 წელი შეუსრულდა, 29:33 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შვიდიდან სამი ორქულიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან ჩაგდება ორჯერ სცადა, თუმცა მისი ორივე ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა. ხუთი მოხსნიდან თოკომ ოთხი დაცვაში, ერთი კი შეტევაში ასპარეზობისას მოხსნა. გარდა ამისა, მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 1 ბლოკი გააკეთა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო ბოლონიელების ფრანგი ლეგიონერი, ისაია კორდინიე (16 ქულა) გახლდათ.
მომდევნო შეხვედრას „ვირტუსი“ 6 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში „პისტოიასთან“ გამართავს, ხოლო ევროლიგის მეორე ტურში 10 ოქტომბერს სტუმრად „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდება.