ლუკაკუმ ნაკრებზე უარი თქვა
რომელუ ლუკაკუ ბელგიის ნაკრებში 2025 წლამდე აღარ ითამაშებს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლის“ 31 წლის ფორვარდი თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს პირადად შეხვდა და აუხსნა, რომ ახლა მისთვის პრიორიტეტული საკლუბო ფეხბურთში წარმატებების მიღწევა და პარტენოპეიში ადაპტაციის პერიოდის რაც შეიძლება მალე დასრულებაა.
ნეაპოლური კლუბის ბოლოდროინდელი მატჩებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ლუკაკუს ახალ გუნდთან შეგუების არანაირი პრობლემა არ აქვს, რადგან მიმდინარე იტალიის პირველობაზე გამართულ 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
უეფას ერთა ლიგის გათამაშების A დივიზიონის მეორე ჯგუფში ბელგიელები 3 ქულით მეორე პოზიციაზე არიან, ლუკაკუ კი 119 მატჩში გატანილი 85 გოლით ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.