ბუდუ ვეღარ ბრწყინავდა - ახალი კონტრაქტი კარლსრუეს მწვრთნელს
„კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში საკუთარ სტადიონზე „დარმშტადთან“ ფრედ 3-3 ითამაშა და წაუგებელი სვლა განაგრძო, თუმცა ბუდუ ზივზივაძისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის შინაურ კედლებში აღებული ქულა დადებით შედეგად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რადგან ელიტაში გადასასვლელად იბრძვიან.
ერთ-ერთ გერმანულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მატჩის შეფასებაში 30 წლის ქართველი ფორვარდიც იყო ნახსენები და აღნიშნეს, რომ წინა ტურებისგან განსხვავებით, მისი და მარვინ ვანიცეკის დუეტი ვეღარ ბრწყინავდა, რამაც პირდაპირ განაპირობა „კარლსრუეს“ მორიგი ვერმოგებული მატჩი. თუმცა, თავდასხმაზე გაცილებით მეტი კრიტიკა დაცვის ხაზმა დაიმსახურა, რაც ბუნებრივიცააა, რადგან კლუბმა ბოლო ორ მატჩში შვიდი ბურთი გაუშვა.
პრესაზე გაცილებით კრიტიკული იყო გუნდის თამაშის შეფასებისას მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი, რომელმაც მოურიდებლად აღნიშნა, რომ 30-ედან 65-ე წუთამდე „კარლსრუეს“ ფეხბურთი საერთოდ არ უთამაშია. პრეს კონფერენციის ბოლოს კი მან დაადასტურა, რომ სულ მალე კლუბთან ახალ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისათვის, მოთამაშის კარიერის დასრულებისთანავე, აიხნერმა 2016 წელს მუშაობა „კარლსრუეს“ აკადემიაში დაიწყო და მას შემდეგ ამ გუნდის სტრუქტურაში მწვრთნელის პოზიციაზე მოღვაწეობს.