„შეუმჩნეველი იყო, ძალიან გაუჭირდა“ | როგორ აფასებენ იტალიაში ხვიჩას თამაშს
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „კომოს“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ქართველ ფეხბურთელს საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და კარგი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია, რაც ბუნებრივია, იტალიური გამოცემების გამოხმაურებაშიც აისახა.
OAsport: „შეუმჩნეველი. იყო მომენტები, როცა ნაპოლის თამაშში, რომელიც მისი გავლით უნდა წარიმართოს, საერთოდ არ არსებობდა. ფლანგზე განხორციელებულ რამდენიმე გარბენის გარდა, რომლებსაც კარგი არაფერი მოჰყოლია, მოედანზე პრაქტიკულად არ არსებობდა“.
Tuttonapoli: „თამაშში ჩართვა გაუჭირდა. მეორე ტაიმში, თამაშში ჩაერთო და პენალტს იმსახურებდა, რომელიც მსაჯმა არ დანიშნა“.
Virgilio: „სერიოზულად გაუჭირდა და საკუთარ მეურვესაც ვერ ატყუებდა. იგი დავიდ ნერეშმა შეცვალა, რომელიც შემოვიდა და რამდენიმე წუთში გაიტანა“.
Calciomercato: „კვარაცხელია სახიფათო ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. თუმცა, ამ საღამოს, მას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაც კომოს კარგი დაცვითაც იყო განპირობებული“.
Tuttomercatoweb: „პირველი ტაიმი ნაპერწკლების გარეშე. მეორე ნახევარში ოდნავ გამოცოცხლდა, მაგრამ ვერ გვაჩვენა გამოსვლა, რომელსაც ამ საღამოს, მისგან ველოდებოდით. ეს მისი უშუალო მეურვის დამსახურებაც გახლავთ“.
Sportmediaset: „მხოლოდ მაშინ აინთო, როცა მოედანზე ბოლო წუთებს ატარებდა. მისი დონის ფეხბურთელისგან, ეს ძალიან ცოტაა“.
Calcionapoli24: „პირველ ნახევარში ბევრი არაფერი უჩვენებია. მოედანზე გატარებული 60 წუთის შემდეგ აინთო და პენალტიც დაიმსახურა. 75-ე წუთზე, დრიბლინგის შემდეგ, შუაში დაარტყა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში მოუმატა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მხრიდან გოლები რომელუ ლუკაკუმ, დავიდ ნერეშმა და სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს. „კომოს“ დამარცხების შემდეგ, „პარტენოპეის“ ანგარიშზე 16 ქულაა და ანტონიო კონტეს გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია.