კვარას ერთი მინი მომენტი ჰქონდა | ნაპოლიმ კომოს 3:1 მოუგო
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „კომოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მასპინძლის რანგში იყო და იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, საკუთარ კედლებში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო.
მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. რომელუ ლუკაკუს გადაცემით სკოტ მაკტომინეიმ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „კომომ“ პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. გაბრიელ სტრეფეზამ შორიდან გაისროლა და შესვენებაზე ანგარიში საყაიმო იყო - 1:1.
53-ე წუთზე, „ნაპოლიმ“ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც ლუკაკუმ გარდასახა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე შესულმა დავიდ ნერეშმა დააფიქსირა, რომელმაც სწორედ „კვარა“ ჩაანაცვლა - 3:1.
ქართველმა გარემარბმა მინდორზე 79 წუთი გაატარა. ხვიჩა ბურთს 30-ჯერ შეეხო, ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, ერთხელ კი მისი გასროლა „კომოს“ ფეხბურთელებმა დაბლოკეს. 63-ე წუთზე, კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა, ერმანო ფელიციანიმ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
„კომოს“ დამარცხების შემდეგ, „ნაპოლის“ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავს და 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდება.