ზურიკოს გამოცდა სანაკრებო პაუზამდე - ექვსქულიანი მატჩი ოსერთან
გიორგი მიქაუტაძის მსგავსად, საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელი სეზონი ზურიკო დავითაშვილისთვისაც უიღბლოდ დაიწყო, თუმცა „ლიონის“ ფორვარდისგან განსხვავებით, მან „სტ.ეტიენის“ შემადგენლობაში 2 საგოლე პასის შესრულება მაინც მოასწრო. 23 წლის ქართველმა შემტევი ტიპის ნახევარმცველმა ასისტები „ლილთან“ (1:0) მოგებულ და „ნანტთან“ (2:2) ფრედ დასრულებულ შეხვედრებში შეასრულა. ხვალ „მწვანეები“ საკუთარ სტადიონზე „ოსერს“ მიიღებენ და თამაშთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოკლე შესავალი გამოქვეყნდა, სადაც დავითაშვილიც იყო ნახსენები.
რას წერენ ზურიკოზე
23 წლის ქართველი ფეხბურთელი ოქტომბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.
თუმცა, იქამდე მას და მის თანაგუნდელებს ეგრეთწოდებულ 6-ქულიან მატჩში მოუწევთ ასპარეზობა და წარმატებაზე ზრუნვა. მათი მეტოქე კი ბურგუნდიული „ოსერია“, რომელმაც სტარტზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, წინა ტურში „ბრესტთან“ გამარჯვებით ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.
„სენტ ეტიენის“ რთული სტარტიდან გამომდინარე, ამ გუნდის რიგებში შედარებით ნათელი წერტილი სწორედ ზურიკოა, რომელიც მოსამზადებელი ეტაპის დროს გამართულ მატჩებში უფრო შედეგიანი იყო, თუმცა ნელ-ნელა ახალ კლუბს ეგუება.
შეგახსენებთ, რომ ექვს ტურში დაგროვებული 4 ქულით „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა პოზიციაზე არიან. „მწვანეებისა“ და „ოსერის“ დაპირისპირება კი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.