მახაჩევის დამცველები - რუსებმა თოფურიას შეუტიეს
რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიას ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მისი ისლამ მახაჩევთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ შესაძლოა წონა მართლაც შეიცვალოს და ისლამთან დაპირისპირებაში საუკეთესოს ვინაობა ოქტაგონზე გაარკვიოს. „ელ მატადორმა“ ასევე აღნიშნა, რომ ქუჩაში მახაჩევს არ ეჩხუბება, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი მკურნალობა და სამედიცინო ხარჯების გაღება დასჭირდება, რაც მის გეგმებში არ შედის.
UFC-ის ქართველი ჩემპიონის განცხადება, როგორც ჩანს რუსებს ძალიან არ ესიამოვნათ და ისლამ მახაჩევის დაცვა საკუთარ თავზე ორმა მებრძოლმა, აბუბაქარ ნურმაგომედოვმა და ტაგირ ულანბეკოვმა აიღეს.
ტაგირ ულანბეკოვი
ილია, გირჩევ ფული შეინახო, რადგან მახაჩევთან შეხვედრისთანავე საღი კბილი აღარ შეგრჩება და კარგი სტომატოლოგი დაგჭირდება.
აბუბაქარ ნურმაგომედოვი
ილია, რაში გჭირდება ყოველივე ეს? თუ გადაღლილობა გალაპარაკებს, ჩამოდი ჩემთან, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე დაგასვენებ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის პირველ შეხვედრას 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოუეისთან გამართავს. ის ასევე გულშემატკივრებს დაპირდა, რომ 2025 წელს ერთ ბრძოლას მისი საყვარელი კლუბის, მადრიდის „რეალის“ საშინაო არენა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართავს.