ფოფანა-ლაკაზეტის დუეტი შესანიშნავია - მიქაუტაძეს თადარიგში ელიან
საფრანგეთის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ევროპა ლიგის გათამაშებაში „ლიონი“ მოწინავე პოზიციაზეა და ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს „ლაციოსთან“, „ტოტენჰემთან“, „სტიაუასთან“ და „ანდერლეხტთან“ ერთად ლიდერობს. ამ ყველაფერს ფრანგული მედია ძირითადად ალექსანდრ ლაკაზეტისა და მალიკ ფოფანას დუეტის მშვენიერ თამაშს მიაწერს - ორივე მათგანმა „რეინჯერსთან“ (4:1) მოგებულ შეხვედრაში „აიბროქსზე“ დუბლი შეასრულა და თუ პიერ საჟმა მათი დასვენება არ გადაწყვიტა, ლიგა 1-ში „ნანტთან“ საშინაო მატჩშიც ეს დუეტი ძირითადში უნდა იყოს.
„იადონებთან“ შეხვედრის წინ „ლიონის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ კლუბმა საიმისოდ, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში „მარსელისთვის“ და „მონაკოსთვის“ სათანადო წინააღმდეგობა გაეწია, ვილფრიდ ზაჰა და გიორგი მიქაუტაძე დაიმატა, თუმცა ვერც ერთი მათგანი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რის გამოც თადარიგში დამსახურებულად რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ლიგა 1-ის წინა ტურის თამაში ძირითადში დაიწყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მეორე ტაიმში შეცვალა, იქამდე კი პირველ ნახევარში ინერტული ასპარეზობის გამო შესვენებაზე მკაცრად უსაყვედურა. „ლიონი“ – „ნანტის“ მატჩი კვირას, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.