„მგონია, რომ ფეხბურთს დიდი ხანია თამაშობს“ - სანიოლი გოგლიჩიძის პროგრესზე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან საბა გოგლიჩიძის შესახებაც ისაუბრა და 20 წლის მცველის პროგრესი შეაფასა.
ვილი სანიოლი:
„გოგლიჩიძეს ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ როდესაც მის თამაშებს ვუყურებ, მგონია, რომ ფეხბურთს დიდი ხანია თამაშობს. სამწუხაროა ახალგაზრდულ ნაკრებს რომ წავართვით, მაგრამ მგონია, რომ მას ეროვნულ ნაკრებთან ერთად უფრო დიდი მომავალი აქვს“.
საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. მიმდინარე სეზონში 20 წლის მცველმა სერია A-ში 4 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით, მარცხი არ ჰქონია. უფრო მეტიც, გოგლიჩიძის სასტარტოში ყოფნის პერიოდში, „ემპოლიმ“ სამ შეხვედრაში გოლიც არ გაუშვა, მათ შორის იყო „იუვენტუსთან“ და „ფიორენტინასთან“ მატჩებიც. ორივე შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. საბას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სექტემბერში, ჩეხეთის წინააღმდეგ ჰქონდა.
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ახსნა მიზეზები, თუ რატომ არ დაუთმო ეროვნულმა ნაკრებმა გოგლიჩიძე 21-წლამდე ნაკრებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის.
რას ამბობს იაშვილი:
„21-წლამდე ნაკრებთან კომუნიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ირაკლი აზაროვი იმიტომ არის ახალგაზრდულ ნაკრებში, რომ შვედეთთან მნიშვნელოვანი მატჩი ელით. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ამაზე ვილი უკვე გესაუბრათ და ვფიქრობ, მას აქვს შანსი, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. შემადგენლობის შერჩევაზე მხოლოდ მწვრთნელები იღებენ გადაწყვეტილებას“.
ოქტომბერში, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს - 11 ოქტომბერს, სტუმრად უკრაინასთან და 14 ოქტომბერს თბილისში, ალბანეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება 21-წლამდე ნაკრებს, რამაზ სვანაძის გუნდი რამაზ სვანაძის გუნდი 10 ოქტომბერს სტუმრად, შვედეთს შეხვდება, 15 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.