დარჩება, თუ არა სანიოლი საქართველოში? - იაშვილის და სანიოლის კომენტარები
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები გადაწყვეტილებას ერთა ლიგის დასრულების შემდეგ მიიღებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა.
ალექსანდრე იაშვილი:
„ძალიან გვიხარია, რომ ვილი ჩვენთან არის. ერთად დიდი გზა გამოვიარეთ და ეს გზა კიდევ გრძელდება. ორივე მხარეს სურს კონტრაქტის გახანგრძლივება და გვინდა, რომ ეს წარმატება, რომელიც გვქონდა, უფრო წარმატებული გავხადოთ“.
ვილი სანიოლი:
„რაც ალექსანდრე იაშვილმა თქვა, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ორივე მხარე მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილია და ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2021 წელს ჩაუდგა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.