ვილი სანიოლი, ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

„გვინდა დავამტკიცოთ, რომ სექტემბრის შედეგები შემთხვევითი არ იყო“ - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუშინ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ალექსანდრე იაშვილთან ერთად მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ვილი სანიოლი:

გეგმა უახლოესი თამაშებისთვის: ზაფხულის შემდეგ მაინტერესებდა როგორ მიუდგებოდნენ ფეხბურთელები ახალ გამოწვევას და მგონი, მოლოდინები ნამდვილად გადაჭარბებული იყო. ყველას გვსურს იმის დამტკიცება, რომ რაც სექტემბერში მოხდა, შემთხვევითი არ იყო. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ორივე შეხვედრა რთული იქნება და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ორივე გუნდის წინააღმდეგ კარგად შეგვიძლია თამაში. ასე გამორჩეულად ვერავის გამოვყოფ, რადგან ორივე ძლიერი გუნდია. გუნდში 23 მოთამაშეა და ყველა მათგანი თამაშისთვის მზადაა.

მიქაუტაძის შესახებ: მას ნამდვილად რთული პერიოდი აქვს. უნდა იბრძოლოს, რათა მიიღოს წუთები. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თავად უნდა გამოასწოროს მდგომარეობა. მას ყველანაირად დავეხმარებით და არ დავივიწყებთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენი ნაკრებისთვის გააკეთა.

დებიუტანტი გულიაშვილის შესახებ: ის საკმაოდ კარგი და საინტერესო ფეხბურთელია. თავის კლუბში სეზონი გადასარევად დაიწყო და ის, ისევე როგორც ნონიკაშვილი აქ სწორ დროს არიან. ყოველთვის მზად ვარ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მივცე.

კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ: რაც ალექსანდრე იაშვილმა თქვა, ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. ორივე მხარე მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილია და ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, ამაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ფსიქოლოგიური საუბარი გუნდთან ოქტომბრის თამაშებში: მსურს დავინახო იყო თუ არა სექტემბერი გამონაკლისი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ყველა ?თამაში ერთმანეთს არ ჰგავს და შეცდომები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ჩემი დავალებაა, რომ მოთამაშეებმა დავალება მაქსიმალურად შეასრულონ და ასე უფრო ნაკლები შეცდომა იქნება. ფეხბურთელებს ყოველთვის ვესაუბრები და ისინი მზად არიან ახალი გამოწვევისთვის.

ნახევარდაცვაში კონკურენცია: კონკურენცია ყოველთვის კარგია და მოვახერხეთ, რომ დაბალანსებული ნახევარდაცვის ხაზი შეგვექმნა. თუმცა, ეს უცვლელი არ იქნება, რადგან ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ყველა მატჩის ჩატარება. ალთუნაშვილი კარგი ფეხბურთელია და ავსტრიაში დიდი გამოცდილება მიიღო, იგივე შემიძლია ვთქვა ნონიკაშვილზეც.

რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ის 20 წლისაა, მაგრამ როდესაც მის თამაშებს ვუყურებ, მგონია, რომ ფეხბურთს დიდი ხანია თამაშობს. სამწუხაროა ახალგაზრდულ ნაკრებს რომ წავართვით, მაგრამ მგონია, რომ მას ეროვნულ ნაკრებთან ერთად უფრო დიდი მომავალი აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ: ხვიჩას და კონტეს ძალიან საინტერესო კოლაბორაცია აქვთ. მგონია, რომ ახლა უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე წინა სეზონებში. მე მხოლოდ მის ფიზიკურ მომზადებასთან მქონდა კითხვები და ჯერჯერობით, რაც ახალი სეზონი დაიწყო, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ნაკრებში და იტალიაში აჩვენებს.

უკრაინასთან წარუმატებელი შედეგების შესახებ: მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცით. რთული თამაში იქნება. ვფიქრობ, რომ ისეთი ძლიერი ნაკრები როგორიც უკრაინაა, ისინიც ხვდებიან, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი აღარ ვართ. იმედია შევძლებთ ნავსის გატეხვას და პოლონეთიდან სამი ქულით დაბრუნებას.

ზურიკო დავითაშვილის შესახებ: მისი მდგომარეობა გიორგი მიქაუტაძის მსგავსია. ყველას კომენტარს ვერ ვუპასუხებ. ზურიკოსთვის და ისევე როგორც მისი კლუბისთვის საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. ზურიკო ძლიერი ადამიანია და მჯერა, რომ სირთულეების გადალახვას შეძლებს.

ალექსანდრე იაშვილი:

დინამო არენაზე თამაში გვინდა, მაგრამ ასევე გვინდა, რომ არენა სავსე იყოს. თამაშს ყველა დაესწროს და არა ნაწილი. ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ნაკრებმა არ ითამაშოს მხოლოდ თბილისში. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნოემბერში თამაში გაიმართება ბათუმში. რაც შეეხება დინამო არენას, როგორც კი სტადიონი მწყობრში იქნება, ნაკრები აქ აუცილებლად დაბრუნდება.

კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ: ძალიან მიხარია, რომ ვილი ჩვენთან არის. ერთად დიდი გზა გამოვიარეთ და ეს გზა კიდევ გრძელდება. ორივე მხარეს სურს კონტრაქტის გახანგრძლივება და გვინდა, რომ ეს წარმატება, რომელიც გვქონდა, უფრო წარმატებული გავხადოთ.

ტაბახმელას ბაზის მშენებლობა: ტაბახმელაში ნაკრები არ იცხოვრებს, მაგრამ სამომავლოდ, გვაქვს გეგმა, რომ ნაკრებს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს საკუთარი ბაზა. ეს არ ეხება მხოლოდ ვაჟთა ნაკრებს, არამედ ქალთა ნაკრებებსაც და ასევე, ყველა ასაკობრივ ნაკრებს.

გიორგი გველესიანისა და ირანის ჩაკეტილი საზღვრების შესახებ: გიორგის ვესაუბრეთ და რამდენიმე დღის შემდეგ უფრო ზუსტად გვეცოდინება მდგომარეობა. შესაძლოა აზერბაიჯანის საზღვრიდან გადმოვიყვანოთ. ჩვენ გიორგის ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ აქ ჩამოვიყვანოთ.

გოგლიჩიძის შესახებ: 21-წლამდე ნაკრებთან კომუნიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ირაკლი აზაროვი იმიტომ არის ახალგაზრდულ ნაკრებში, რომ შვედეთთან მნიშვნელოვანი მატჩი ელით. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ამაზე ვილი უკვე გესაუბრათ და ვფიქრობ, მას აქვს შანსი, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. შემადგენლობის შერჩევაზე მხოლოდ მწვრთნელები იღებენ გადაწყვეტილებას.

11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები