„საქართველოს გვეშინია, სადამდე დავედით“ - ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი
უკრაინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კირილ კოვალჩუკი ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაზე საუბრობს, სადაც უკრაინა საქართველოს დაუპირისპირდება.
კოვალჩუკი თავისი ნაკრების დაღმასვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ საქართველოს ნაკრების ეშინიათ, რაც მისთვის სამწუხარო რეალობაა.
„ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, ჩვენი ნაკრების სათამაშო დონე მკვეთრად დაეცა. ჩვენთვის პირველი მარცხი იყო, როდესაც კატარის მუნდიალზე 2022 წელს საგზური ვერ მოვიპოვეთ. შემდეგ მწვრთნელი შევცვალეთ, მაგრამ ჯერჯერობით პოზიტიურს ვერაფერს ვხედავ.
ახლა ასეთი ვითარებაა - ჩვენ საქართველოსთან მატჩის გვეშინია. არ ვიცით რას უნდა ველოდოთ. მახსოვს ადრე, როცა საქართველოს, მოლდოვას, სომხეთს ვეთამაშებოდით, შედეგზე არ ვღელავდით და ყოველთვის მშვიდად ვიყავით. და ახლა ჩვენ საქართველოსი გვეშინია. აქამდე დავედით, რომ ჩვენ დღეს საქართველოს ნაკრებთან მატჩის გვეშინია. ისინი ფავორიტები არიან.
გასაგებია, რომ საქართველოს ახლა აღმავლობის გზა უდგას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა თავის დონეს უნდა ჩამოუვარდებოდეს.
ჯერჯერობით მე უახლოეს მომავალში ბევრის იმედი არ მაქვს. ალბათ კიდევ ორი შესარჩევი ციკლი დაგვჭირდება, რომ თამაში გამოვასწოროთ და დავსტაბილურდეთ. რეალურად ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, არაფერი საშინელი არ მომხდარა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს (22:45) უკრაინას პოლონეთში დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს (20:00) კი თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს. ვილი სანიოლმა ორივე მატჩისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა.