„თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ეძებს“ - ლაპორტამ ჩავის კბილი გაჰკრა
ჰანსი ფლიკმა „ბარსელონაში“ მუშაობა ძალიან დამაჯერებლად და ლამაზ სტილში დაიწყო. ბევრი არ ელოდა, რომ გერმანელი სპეციალისტი „ბლაუგრანას“ ასეთ მოკლე დროში აათამაშებდა.
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფლიკის მუშაობა შეაქო და საუბრისას კბილი ჩავისაც გაჰკრა.
„სეზონი კარგად დავიწყეთ. ჩვენი მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობს და თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ეძებს. ტრავმები პრობლემაა, მაგრამ ფლიკი ძალიან კარგად უმკლავდება მათ. მნიშვნელოვანი მოთამაშეები მალე გამოჯანმრთელდებიან.
წინ ბევრი მატჩია. კალენდარი გვაიძულებს გვყავდეს კონკურენტუნარიანი და ფართო შემადგენლობა. ახალგაზრდული გუნდიდან მოთამაშეების მოყვანამ ძალიან კარგად იმუშავა და ფლიკი შესანიშნავ საქმეს აკეთებს.
ის არის ძალიან პროფესიონალი მწვრთნელი, რომელმაც იცის, როგორია მისი გუნდი და კარგად მართავს მას. მოთამაშეებს ესმით, როგორ მუშაობს ეს“,
- განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.
თავის გასამართლებელ მიზეზებში ლაპორტამ გასულ სეზონში ჩავის წუწუნი იგულისხმა, რომელიც პრესკონფერენციებზე ხშირად აღნიშნავდა, რომ ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი აკლდა და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში ეს მას ხელს უშლიდა. ჩავი ასევე ტრანსფერებზეც ჩიოდა და ფლიკი მის ფონზე ამ მხრივაც ძალიან მშვიდია.