„კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ...“ | არიედო ბრაიდა
„მილანის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდა Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
მან ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის განახლებაზე გაამახვილა ყურადღება.
რა თქვა ბრაიდამ:
„თუ გინდა რომ მოთამაშე შეინარჩუნო, ბევრი უნდა გადაუხადო. კონკურენცია დიდია. შეიძლება ის „ნაპოლიში“ იმაზე უფრო ნაკლებ ფასად დარჩეს, ვიდრე სხვა ევროპული გრანდები სთავაზობენ, მაგრამ მისი კონტრაქტის მოწესრიგება მოგიწევთ - N1-მა N1-ს უნდა გადაუხადოს“.
„კვარა და ლუკაკუ ბალანსს იჭერენ. კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მას ის უნდა მისცენ, რასაც ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება“.
მანამდე იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ახალ დეტალები გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, კვარას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, რომელიც ახალ კონტრაქტში ყოველწლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევროს დაფიქსირებას ითხოვდა, მოთხოვნები შეამცირა.
არსებული ინფორმაციით, „პარტენოპეი“ კვარას 2029 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას და ფიქსირებული ხელფასისა და ბონუსების სახით ჯამში ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს, ქართველის ხელფასი კი 1,5 მილიონი ევროა.
იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა უკვე ჩაინიშნა. მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ ბოლოს „მონცას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, მეორე გოლი კი ქართველი შემტევის ანგარიშზეა.
6 ტურის შემდეგ, ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.