მბაპეს დეშამი ასვენებს - რეალის ფორვარდი ნაკრებში არ იქნება
კილიან მბაპე ტრავმისგან იმაზე ადრე განიკურნა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, არსებობს რეციდივის ალბათობა, რის გამოც 25 წლის ფრანგ ფორვარდს კიდევ რამდენიმე თამაშის გამოტოვება სჭირდება. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Lequipe-ის ცნობით, კარლო ანჩელოტი შაბათს, ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში „ვილიარეალთან“ საშინაო მატჩში არ ათამაშებს, რადგან ამის თაობაზე მას რეკომენდაციით კლუბის სამედიცინო შტაბის წევრებმა მიმართეს.
სამეფო კლუბის ვარსკლავის დასვენება მხოლოდ საკლუბო ფეხბურთით არ შემოიფარგლება - მართალია დიდიე დეშამს უეფას ერთა ლიგის III-IV ტურში, ისრაელთან და ბელგიასთან სტუმრად გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია, მაგრამ უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მბაპე 23-კაციან განაცხადში არ იქნება და მას დასვენების საშუალება მიეცემა.
მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, კილიანი უფეხბურთოდ თითქმის 16 დღის განმავლობაში იქნება, რაც სრულად გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს და მოედანს 19 ოქტომბერს ვიგოში, „სელტასთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება. აქვე გეტყვით, რომ გუშინ „ლილთან“ (0:1) წაგებულ თამაშში ანჩელოტიმ ის 57-ე წუთზე ჩართო, თუმცა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა მატჩი კარში დარტყმის გარეშე დაასრულა, რითაც კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა.