„კონტეს მოთხოვნებზე გადაეწყო და ისევ ათამაშდა“ - სიომინი კვარას აქებს
ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნიდა, „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა.
სიომინის თქმით, კვარა ახალი მწვრთნელის მოთხოვნებზე გადაეწყო და გუნდისთვის სარგებლობა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მოაქვს.
რა თქვა სიომინმა:
„ის, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს, ეჭვგარეშეა. კონტე კარგი მოტივატორია, რომელიც ყოველთვის დიდი მიზნებისთვის იბრძვის. სერია ა-ში გამოკვეთილი ლიდერი არ არის, ჩემპიონობაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია.
ხვიჩა ისევ ათამაშდა, ახლა კარგ კონდიციებშია. ახლანდელ „ნაპოლიში“ ახალ მწვრთნელს სხვა მოთხოვნები აქვს და ხვიჩაც უკვე გადაეწყო. კვარას გუნდისთვის სარგებლობა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მოაქვს. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, უფრო მეტი გოლი რომ გაეტანა.
შეიძლება ვისაუბროთ რომელუ ლუკაკუსთან მის დუეტზეც, თუმცა ბელგიელი გუნდის მთავარი მოქმედი პირი არაა. ერთ-ერთი ასეთი სწორედ კვარაცხელიაა“.
ცნობისთვის, ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი, 13 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.