„საქართველო ახლა სხვა დონეზეა“ - რომან დოლიძე UFC-ის ორ ქართველ ჩემპიონზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ, რომელიც 6 ოქტომბერს UFC307-ზე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდება, ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმაზე, როგორ აისახა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობა საქართველოში MMA-ის პოპულარობის ზრდაზე.
„რა თქმა უნდა, UFC-ში ორი ჩემპიონის ყოლა საქართველოსთვის დიდი წარმატებაა. როდესაც შერეულ ორთაბრძოლებში მოვედი, უკრაინაში ვვარჯიშობდი, იმიტომ რომ საქართველოში ეს სპორტი არ არსებობდა. ახლაც, ჩემი აზრით, უკრაინაში ეს სპორტი უფროა განვითარებული, ვიდრე საქართველოში, თუმცა თუ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, საქართველო ახლა სხვა დონეზეა.
აშშ-ში რომ ვცხოვრობდე, ფორმაში ყოფნა და კარგი სპარინგების ჩატარება უფრო მარტივი იქნებოდა. ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე, გიგა ჭიკაძე და სხვა ქართველი მებრძოლები სხვა ქვეყნებში ვარჯიშობენ. პროფესიონალური თვალსაზრისით, ასე უფრო მარტივია და მე მათი ძალიან კარგად მესმის, თუმცა მე საქართველოში ცხოვრება მომწონს.
ჩვენ ყველანი დაახლოებით ერთი ასაკის ვართ. რთულ პერიოდში გავიზარდეთ - როდესაც საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, საქართველოში ყველაფერი გაპარტახდა. ეკონომიკა გაჩერდა, არაფერი მუშაობდა, საკვების შოვნა პრობლემა გახდა. ელექტროენერგია ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით მოდიოდა.
ახლა, როდესაც UFC-ში 5 ქართველი მებრძოლია, ორი მათგანი ჩემპიონია. საქართველოს მოსახლეობა 3,5 მილიონია - არაერთ გაცილებით უფრო დიდ ევროპულ ქვეყანას ერთი მებრძოლიც კი არ ჰყავს. საქართველოში ახლა ბევრი სავარჯიშო დარბაზი იხსნება და ბევრი რამ იცვლება“.
ცნობისათვის, დოლიძემ უკანასკნელი ბრძოლა ენტონი სმიტთან გამართა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია. კარიერის განმავლობაში ჩატარებული 16 ბრძოლიდან ქართველს თავის სასარგებლოდ 13 აქვს დასრულებული.