უნაი ემერი: „მინდა, ასეთი მომენტები კიდევ არაერთხელ გვქონდეს“
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ასტონ ვილამ“ ბირმინგემში მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 20 წლის კოლუმბიელმა, ჯონ დურანმა გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი „ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესი დასახელდა.
მატჩის შემდეგ ბირმინგემელთა თავკაცმა, უნაი ემერიმ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მატჩი შეაფასა.
უნაი ემერი:
„ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველას „ასტონ ვილაში“ - მწვრთნელებს, მფლობელებს, კლუბის პერსონალს - ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია ასეთი დღეები ერთად გავიზიაროთ, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ წინააღმდეგ ასეთ დონეზე თამაშობს და იგებს.
შევეცადეთ, „ვილა პარკზე“ დიდებული ატმოსფერო შეგვექმნა. გულშემატკივრები ფეხბურთელებისგან მომდინარე ენერგიით იმუხტებოდნენ, და ამ ენერგიას ისევ ფეხბურთელებს გადასცემდნენ. მინდა, ასეთი მომენტები კიდევ არაერთხელ გვქონდეს. 6 ქულა გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ სათამაშო გვაქვს 6 მატჩი და კიდევ 18 ქულის მოპოვება შეგვიძლია.
შემდეგ ტურში „ბოლონიას“ ვმასპინძლობთ და კარგად უნდა მოვემზადოთ. თუმცა ჯერ პრემიერლიგაზე უნდა ვიფიქროთ - 6 ოქტომბერს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვმასპინძლობთ და ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.
ორი ტურის შემდეგ „ასტონ ვილა“ 6 ქულით ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. რაც შეეხება პრემიერლიგას, უნაი ემერის გუნდს ჩემპიონატში 6 მატჩის შემდეგ 13 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.