ალკარასი: “სინერი მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელია“
კარლოს ალკარასმა ბეიჯინგში გამართული 500-ქულიანი ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში იანიკ სინერი სამ სეტში 6:7 6:4 7:6 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ალკარასმა კომენტარი გააკეთა:
„ისეთი მატჩი იყო, რომ გამარჯვება ორ სეტში ორივე ჩოგბურთელს შეგვეძლო. ძალიან რთული თამაში გამოდგა. იანიკმა კიდევ ერთხელ ყველას დაანახა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. დონე, რომელსაც ის აჩვენებს დაუჯერებელია.
ფიზიკურად, დარტყმებით და გონებრივად, ის დიდებულია. მე მთელი კვირის განმავლობაში შესანიშნავ ჩოგბურთს ვთამაშობდი. დღეს ალბათ იღბალი უფრო ჩემს მხარეზე იყო, მაგრამ ზოგადად კორტზე თავს კარგად ვგრძნობდი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორტზე ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. კარგი ჩოგბურთის საჩვენებლად სიმშვიდეა საჭირო. ვფიქრობ, პეკინში ამაზე უკეთეს დღეებს ვერ გავატარებდი. ვეცდები ასე გავაგრძელო.“
ცნობისთვის, ბეიჯინგის ტურნირის მოგების შემდეგ, კარლოს ალკარასი ATP რეიტინგში დაწინაურდა, ალექსანდრ ზვერევს გადაასწრო და მეორე პოზიციაზე 7010 ქულით დამკვიდრდა. პირველ ადგილს 11010 ქულით იანიკ სინერი იკავებს.