„მოედანზე 11 მოთამაშე გვჭირდება“ - კონტემ კვარას შეცვლა განმარტა
„კომოსთან“ საშინაო მატჩის წინ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მეტოქის თავკაც სესკ ფაბრეგასზე ისაუბრა და ასევე განმარტა, რატომ შეცვალა „მონცასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია.
რა თქვა ანტონიო კონტემ:
6 ტურში სატურნირო ცხრილს 6 სხვადასხვა გუნდი ლიდერობდა, ახლა პირველ ადგილზე ვართ და ქულები უნდა დავაგროვოთ, რაც რთულ მომენტებში გამოგვადგება. უნდა გავაგრძელოთ ზრდა როგორც მენტალურად, ასევე ტაქტიკურად, თუმცა კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებით.
სესკ ფაბრეგასთან ერთად „ჩელსიში“ პრემიერლიგა მოვიგეთ. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა. სესკი ხშირად მისვამდა კითხვებს და ინტერესდებოდა ყველაფრით. „კომო“ კარგ ფორმაშია, მათ „ატალანტა“ დაამარცხეს, რაც მარტივი არაა. სესკის გუნდს კარგი ფეხბურთელები ჰყავს: ნიკო პასი პერსპექტიული ახალგაზრდაა, ხოლო სერხი რობერტოსა და პატრიკ კუტრონეს უდიდესი გამოცდილება აქვთ.
როგორ შეგვიძლია გაუმჯობესება? ვმუშაობთ ამაზე. ხანდახან ნაჩქარევად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვხედავ, რომ ბიჭებს ახალი ინფორმაციის მიღება სურთ და მზად არიან, გააანალიზონ პოზიტიური და ნეგატიური მომენტები. ჯერ მხოლოდ 3 თვეა გასული, გაუმჯობესება ყველა მიმართულებით შეგვიძლია, თუმცა მე უკვე ვხედავ შედეგს.
ხომ არ იყო კვარაცხელია გაბრაზებული შეცვლის გამო? ასეთი რამ არ შემიმჩნევია. მან კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა, შემდეგ კი ყვითელი ბარათი მიიღო და ხშირად გამოხატავდა ემოციებს მის მიმართ წესების დარღვევის დროს. ის უნდა დამშვიდებულიყო, იმიტომ რომ ჩვენ მოედანზე 11 მოთამაშე გვჭირდება, მაგრამ მე მომწონს მისი დამოკიდებულება - ეს ნიშნავს, რომ ის გულგრილი არაა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 6 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
„ნაპოლი“-„კომოს“ მატჩი 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება.