„დარწმუნებული ვარ, სეზონის დასასრული წარმატებული იქნება“ - ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედის მდგომარეობაზე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ევროპა ლიგაზე, „პორტუსთან“ მატჩამდე თავისი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სეზონის ბოლოსთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატებაში დარწმუნებულია.
რა თქვა ტენ ჰაგმა:
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ხანია გარდამავალ პერიოდს გადის. აქ ჩამოსვლის დღიდან მე და ჩემმა გუნდმა და ასევე ხელმძღვანელებმა ვიცოდით, რომ რაღაც ცვლილებები უნდა შეგვეტანა. რამდენიმე ძველი ფეხბურთელის გაშვება და მათი ახლით ჩანაცვლება მოგვიწია. გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მოგვეყვანა და იმისთვის, რომ მათ ჩვენი იდეები, სათამაშო მოდელები და კულტურა მივაწოდოთ, გარკვეული დროა საჭირო.
ამავდროულად, თამაშებიც უნდა მოვიგოთ და ასეც იქნება, ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ. ასევე მე, ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში დავამტკიცე, რომ ყოველთვის ვიმარჯვებ. ბოლო 6 წლის განმავლობაში 8 ტიტული მოვიგე.
ჩვენი სათამაშო მოდელი უნდა განვახორციელოთ და უფრო ძლიერი გუნდი უნდა ავაშენოთ. პრობლემებზე უნდა ვიმუშაოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენს ფეხბურთელებს კარგი პოტენციალი აქვთ, ამიტომ, როგორც კი ეს პოტენციალი სრულად გამოვლინდება, ყველაფერი კარგად წავა. დარწმუნებული ვარ, იმ მიზნებს მივაღწევთ, რაც ამ სეზონში გვაქვს დასახული.
რა არის ეს მიზნები? რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვი, თასების მოგება და ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა.
ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებმა ერიკ ტენ ჰაგს 1-კვირიანი ვადა მისცეს. თუ ნიდერლანდელი სპეციალისტი კვირის ბოლომდე კლუბისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგებს არ დააფიქსირებს, გუნდის მესვეურები მას თანამდებობას დაატოვებინებენ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 6 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემთან“ 0:3 მამარცხა, რამაც გულშემატკივრებისა და კლუბის ლეგენდების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.