„სიტის“ ფეხბურთელი მადრიდში მობილური ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს - El Mundo
„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი ფეხბურთელი მატეუშ ნუნიეში, რომელმაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე „სლოვანის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, 8 სექტემბერს მადრიდში მობილური ტელეფონის ქურდობისთვის იყო დაკავებული. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo იტყობინება.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა მადრიდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ადგილობრივი დროით 05:30 საათზე მოხდა. სანაკრებო პაუზის პერიოდში მატეუს ნუნიესი მადრიდში მეგობრებთან ერთად იყო ჩასული.
პოლიციის ინფორმაციით, 58 წლის კაცმა საპირფარეშოში ნუნიესს ფოტო გადაუღო, რის შემდეგაც ფეხბურთელმა კაცს ტელეფონი წაართვა. კერძოდ, ნუნიესმა განაცხადა, რომ ტელეფონს არ დააბრუნებდა, იმიტომ რომ კაცმა მას ფოტო ნებართვის გარეშე გადაუღო.
როგორც El Mundo მადრიდის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, სამართალდამცველებმა ფეხბურთელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას ჩამოართვეს ჩვენება ქურდობის საქმეზე. რამდენიმე საათის შემდეგ ფეხბურთელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, საქმე კი სასამართლოში გადაიგზავნა.
14 სექტემბერს „სიტი“ „ბრენტფორდს“ შეხვდა, ნუნიესი კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. პორტუგალიელი „სიტიში“ 2023 წელს „ვულვერჰემპტონიდან“ 62 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.