„დიდი ნაბიჯებით პროგრესირებს“ | One Football-ის სტატია ქოჩორაშვილზე
გიორგი ქოჩორაშვილი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში, „ქოჩორამ“ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მის ფენომენალურ ასპარეზობას ცნობილი სპორტული პორტალი, One Football-ი გამოეხმაურა.
„ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ყველა მოყვარული გაოცებული დარჩა კარგი თამაშით, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილმა კასტელონში აჩვენა. ქართველმა ფეხბურთელმა „შავ-თეთრების“ სისტემასთან ადაპტაცია სწრაფად გაიარა და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო გუნდისა, რომელიც აღზევებასთან ახლოს იყო. ახლა, ქოჩო ორი სეზონია საკუთარ შესაძლებლობებს ლევანტეში ამტკიცებს.
ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მან ბრწყინვალედ იასპარეზა და ლა ლიგის რამდენიმე კლუბის რადარზე მოექცა. გიორგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა და ჯვაროსნების გმირის სტატუსიც მოირგო. მისი ნაკრები მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა. გადატვირთული სატრანსფერო ფანჯრის მიუხედავად, ქოჩორაშვილმა ლევანტეში დარჩენა გადაწყვიტა - გუნდში, რომელთან ერთადაც ისტორიის დაწერა და ლა ლიგაში აღზევება სურს.
ლევანტემ სეზონი კარგად დაიწყო, რაც მთელი გუნდის მიერ ნაჩვენები მაღალი დონის დამსახურებაა, მაგრამ გიორგის საოცარი ფორმა მაინც აღსანიშნავი და გამოსარჩევია. მიმდინარე სეზონში, ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და თითოეულ შეხვედრაში შედევრებს გვთავაზობს.
ქართველი ნახევარმცველი დიდი ნაბიჯებით პროგრესირებს და მოკლე დროში, ელიტარულ დონეზე დაიმკვიდრა ადგილი. ლევანტეს ახალი მწვრთნელისთვის, ქოჩო არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ნახევარმცველი, რომელსაც აქვს უნარი, ნებისმიერ პოზიციაზე იასპარეზოს და ყველგან ბრწყინვალე თამაში აჩვენოს. გასულ უქმეებზე, მან ლევანტეს ქომაგები ალმერიასთან მატჩში გააოცა. გიორგიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი პასების 88 პროცენტი ზუსტი გახლდათ. ქოჩორაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ფანებს თავდადებისა და ძალისმიერი სტილის გამო უყვართ“, - წერს ცნობილი პორტალი.
შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „ლევანტეს“ 14 ქულა აქვს და „ბურგოსთან“ ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო ტურში, ქოჩორაშვილის გუნდის მეტოქე „ოვიედო“ გახლავთ.