ანჩელოტი: აგრესიული ადამიანები არც ფეხბურთში უნდა იყვნენ და არც საზოგადოებაში
კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკო“ – „რეალის“ მატჩზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. „რეალის“ თავკაცს ჟურნალისტებმა ტიბო კურტუაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან უპასუხა;
„მატჩზე გამოვლინდა აგრესია, აგრესიული ადამიანები კი არც ფეხბურთში უნდა იყვნენ და არც საზოგადოებაში. ვცდილობ, ყველას აზრს პატივი ვცე, მაგრამ ყველა ხედავდა, რაც მოხდა“.
შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, დაძაბული, სანახაობრივი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. შეხვედრის 68-ე წუთზე კი, მოხდა ისეთი ფაქტი, რის გამოც თამაში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ კარსუკანა ტრიბუნიდან, სადაც „ექსროხიბლანკოელი“ ტიბო კურტუა იდგა, სხვადასხვა სახის საგნებს ისროდნენ, რაზეც ბელგიელმა გოლკიპერმა შეხვედრის არბიტრს მატეო ბუსკეტს ფერერს მიუთითა, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ მომხდარის შესახებ ოქმში ყველაფერი დეტალურად აღწერა.
ვარაუდობენ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი „ვანდა მეტროპოლიტანოს“ ჩრდილოეთ ტრიბუნას 2-3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის და მსგავსი სახის განაჩენი კლუბს ადრეც გამოუტანეს, როდესაც როხიბლანკო თავისი გულშემატკივრების მიერ „ბილბაოსა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის, ნიკო უილიამსის მისამართით გამოთქმული რასისტული შეძახილებისთვის დასაჯეს.