მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა - ახალი ინფორმაცია კვარას კონტრაქტზე
იტალიურ მედიაში „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
ცნობილი გამოცემა Il Mattino წერს, რომ გუშინ, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ქართველი ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს ნეაპოლის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა და კიდევ ერთი ოფიციალური წინადადება წარუდგინა, თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა.
Il Mattino წერს, რომ გუნდის წარმომადგენლებმა მამუკა ჯუღელს ჯერ ხელშეკრულების ვადის 2029 წლამდე გაგრძელება შესთავაზეს, თუმცა კვარას აგენტმა ამის სანაცვლოდ ჯერ ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და დიდი ალბათობით, შეთანხმება სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ განხორციელდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 6 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება.