ანდრეს ინიესტა ფეხბურთელის კარიერას ასრულებს
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა პროფესიონალურ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა Relevo წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 40 წლის ინიესტა კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადებს, ამ თარიღს კი სიმბოლური დატვირთვა ექნება. ესპანელი ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში ყველა კლუბში 8-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
ამასთან, ინიესტამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მხატვარი კედელზე ფეხბურთელს „ბარსელონას“ ამობრუნებული მაისურით ხატავს, ციფრი - 8 კი უსასრულობის ნიშანს მოგვაგონებს.
ანდრეს ინიესტას კარიერის უმეტესი ნაწილი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, სადაც 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 9-ჯერ ლა ლიგა მოიგო. ასევე, 6-ჯერ კოპა დელ რეის გამარჯვებულიც გახდა. ესპანეთის ნაკრებთან ერთად ინიესტა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.