ემპოლის დაცვის ბურჯია - ალფრედო პედულა საბა გოგლიჩიძეზე
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა სერია ა-ში „ემპოლის“ რეკორდული სტარტის შესახებ წერს და გუნდის წარმატებების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ქართველ ცენტრალურ მცველს, საბა გოგლიჩიძეს ასახელებს.
„ფიორენტინასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ემპოლიმ“ 6 მატჩში მეოთხედ შეინახა კარი მშრალად, რაც უკვე შევიდა ტოსკანური კლუბის ისტორიაში: 10 ქულა სატურნირო ცხრილში, ორი გაშვებული გოლი და ჯერჯერობით არც ერთი მარცხი. როგორც ალფრედო პედულა წერს, გუნდის ძლიერ მხარედ სოლიდური დაცვა იქცა, აქ კი მთავარი სიურპრიზი საბა გოგლიჩიძეა - მცველი, რომელიც „ემპოლის“ დაცვის ბურჯად ყალიბდება.
რას წერს ალფრედო პედულა:
როდესაც გოგლიჩიძე სერია ა-ში გადმოვიდა, მისი სახელი არავინ იცოდა. პრეზენტაციაზე მან განაცხადა, რომ ბავშვობაში იტალიის ჩემპიონატის მატჩებს უყურებდა და განსაკუთრებით მოსწონდა პაოლო მალდინის თამაში.
2004 წელს ქუთაისში დაბადებული გოგლიჩიძე ადგილობრივი „ტორპედოს“ აკადემიაში თამაშობდა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2021 წლის ივლისში, 17 წლის ასაკში ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ის „ემპოლიმ“ შენიშნა, გოგლიჩიძე იტალიაში 2024 წლის იანვარში ჩამოვიდა. სერია ა-ში მისი დებიუტი 31 აგვისტოს შედგა, რის შემდეგაც ის პირველად საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს.
გოგლიჩიძის ძლიერი ფეხი მარჯვენაა, მას შეუძლია ცენტრალურ მცველად თამაში როგორც 4-მცველიან, ისე 5-მცველიან დაცვით ხაზში. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მას მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშიც ეხერხება, რაც უკვე მომხდარა მის კარიერაში. გოგლიჩიძე ორთაბრძოლებში აგრესიულია და ასევე იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი ფიზიკური მონაცემები (193 სანტიმეტრი) საჰაერო ორთაბრძოლებში.
„ფიორენტინას“ წინააღმდეგ მას მორიგი სოლიდური მატჩი ჰქონდა. გოგლიჩიძემ ოპონენტისგან მომდინარე საფრთხეები გაანეიტრალა. „ემპოლი“ სულ უფრო აკვირვებს ყველას, ისევე როგორც გოგლიჩიძე - რომლის როლიც გუნდის დაცვით ხაზში სულ უფრო იზრდება.
6 ტურის შემდეგ, „ემპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.