ხაბიბ ნურმაგომედოვი: უმარი ქამრის შემდეგი პრეტენდენტია
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ის პროფესიული კარიერის განახლებას და ოქტაგონში დაბრუნებას, და განაცხადა, რომ ამის შანსები ნულის ტოლია.
მან ასევე ისაუბრა სხვა დაღესტნელ მებრძოლებზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც მერაბ დვალიშვილის წონით კატეგორიაში ასპარეზობს, საჩემპიონო ქამრის შემდეგი პრეტენდენტია.
„ჩემი დაბრუნების შანსები ნულის ტოლია. თუ თქვენ ჩემპიონები გჭირდებათ, მე ჩემს ძმებს ვეხმარები, გახდნენ ჩემპიონები. გვყავს ჩემპიონი ისლამ მახაჩევი, უმარი შემდეგი პრეტენდენტია, უსმან ნურმაგომედოვი ასევე ჩემპიონია - ბევრი ჩემპიონი გვყავს. მე არასოდეს მოგენატრებით, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონებს ქმნის. ჩემპიონები ყოველთვის გვეყოლება, ამაზე არ იდარდოთ“.
ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვი დაუმარცხებელი მებრძოლია და დიდი ხანია დვალიშვილთან ჩხუბი სურს. მან კარიერაში 18 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლოს კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
რაც შეეხება დვალიშვილს, მან სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, საჩემპიონო ქამარი მოიპოვა და UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკელი ჯასტინ გეიჯი დაამარცხა, რითაც UFC-ში მე-13 გამარჯვება მოიპოვა, შემდეგ კი პროფესიული კარიერა დაასრულა. 2022 წელს ხაბიბი UFC-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.