Sky Sport: ცნობილია, როდის შეხვდება კვარას აგენტი ნაპოლის წარმომადგენლებს
„ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები იტალიურ პრესაში კვლავ განხილვის საგანია. ამჯერად მოლაპარაკებების პროცესში შექმნილი ვითარების შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტმა, მასიმო უგოლინიმ ისაუბრა.
მისი ცნობით, „პარტენოპეიმ“ კვარას შეთავაზება ჯერ კიდევ ივლისში გაუგზავნა, ახლა კი მხარეებმა მორიგი შეხვედრა დაგეგმეს, რომელზეც კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ წარმომადგენლები საბოლოოდ ყველა დეტალს შეათანხმებენ.
რას ამბობს Sky Sport-ის ჟურნალისტი:
ივლისში „ნაპოლიმ“ კვარას ისეთივე ხელფასი შესთავაზა, როგორიც ამჟამად რომელუ ლუკაკუს აქვს - 6 მილიონი ევრო წელიწადში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგ შეხვედრას სანაკრებო მატჩების შემდეგ გამართავენ, როდესაც „ნაპოლის“ „მილანთან“, „ატალანტასა“ და „ინტერთან“ მატჩები ელის. სწორედ ამ პერიოდში გაიმართება საბოლოო შეხვედრა კონტრაქტის ყველა დეტალის შესათანხმებლად.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ ბოლოს „მონცას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, მეორე გოლი კი ქართველი შემტევის ანგარიშზეა.
6 ტურის შემდეგ, ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.