არსენალი - პსჟ | რა თქვეს არტეტამ და ლუის ენრიკემ მატჩის წინ
ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, „არსენალი“ საკუთარ მოედანზე პსჟ-ს მიიღებს. შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ლუის ენრიკე:
„მიკელ არტეტასთან ერთად უკვე ვმუშაობდი, „ბარსელონაში“ ერთი სეზონი თანაგუნდელები ვიყავით და შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. მოუთმენლად ველოდები მასთან მწვრთნელის რანგში შეხვედრასაც, მინდა, რომ დაველაპარაკო. ის ახლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და „არსენალი“ მთლიანად შეცვალა“.
მიკელ არტეტა:
„მეტოქე ნამდვილად ძლიერი გუნდია. ისინი თამაშის ყველა ფაზაში დომინირებენ და ძალიან მკაფიო განზრახვები აქვთ. როდესაც ბურთი არ აქვთ, ცდილობენ, რომ მაშინვე პრესინგზე წამოვიდნენ და სივრცეები მაქსიმალურად შეგიზღუდონ. ეს ლუის ენრიკეს ხელწერაა. სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან იმავენაირად თამაშობს. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას“.
პირველ ტურში „არსენალმა“ სტუმრად „ატალანტასთან“ ფრედ, 0:0 ითამაშა, პსჟ-მა კი საკუთარ მოედანზე „ჟირონას“ 1:0 მოუგო. გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა „ემიერითს სთედიუმზე“ 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.