ნახევარწლიანი საფეხბურთო იზოლაცია - ფიფამ ეტო’ო დასაჯა
ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო, რომელიც ამჟამად თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, მკაცრად დასაჯა. 43 წლის აფრიკელ ფუნქციონერს ნახევარი წლის განმავლობაში კამერუნის როგორც მამაკაც, ასევე ქალთა საფეხბურთო ნაკრები გუნდების მატჩებზე დასწრება აეკრძალა.
დისკვალიფიკაციის მიზეზი მსოფლიოს 20-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე, კამერუნი-ბრაზილიის მერვედფინალური მატჩის დროს, მისი არასპორტული საქციელი გახლდათ, რასთან დაკავშირებითაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ოქმში მაშინვე მიუთითა და განხილვა მეორე დღესვე დაიწყო, საბოლოო გადაწყვეტილება კი ახლა გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც „ბარსელონასა“ და კამერუნის ნაკრების ლეგენდა სერიოზულ სკანდალში ეხვევა - რამდენიმე თვის წინ, ის კორუფციასა და გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც პოსტის დატოვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი ბრალეულობის დამტკიცება ვერ შეძლეს.
ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობს. ფეხბურთელობის პერიოდში კი მას საუკეთესო პერიოდი „ბარსელონასა“ და „ინტერში“ აქვს გატარებული, რომელთა რიგებშიც შესაბამისად 2006, 2009 და 2010 წლებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.